საფეხბურთო ლიგაში შესვლიდან მხოლოდ 8 წელი იყო გასული, როდესაც ”ლივერპულმა” ინგლისური ფეხბურთის მწვერვალს მიაღწია და ამით მომავალ თაობებს საჭირო დონე მიანიშნა.
წარმატებას საფუძველი 1896 წელს ტომ უოტსონის მწვრთნელად დანიშვნით ჩაეყარა. გუნდზე მისი გავლენის გადაფასება შეუძლებელია. მისი პირველი ტრანსფერებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალექს რაისბეკის გადმოყვანა იყო, ვის გარშემოც აიწყო ”ლივერპულის” პირველი საჩემპიონო გუნდი.
რაისბეკი დანარჩენებს მაგალითს დაცვიდან აძლევდა, კარში ბილ პერკინსი იდგა, შოტლანდიელი ბილი დანლოპი მტკიცე დაცვის კიდევ ერთი შემადგენელი რგოლი იყო, ჯეკ კოქსი მფრინავი ვინგერის როლს ასრულებდა, წინ კი გოლებს სემ რეიბოლდი აგროვებდა. ეს იყო ”ლივერპულის” 1900-01 სეზონის გუნდი. ამ დროისათვის ”ანფილდი” 20000 მაყურებელს იტევდა.
სეზონი ”ბლექბერნ როვერსის” დამარცხებით დაიწყო ანგარიშით 3-0. გოლები 20000 მაყურებლის წინ რობერტსონმა, სათერთუეითმა და რეიბოლდმა შეაგდეს. ამას ”სტოუკთან” და ”ვესტ ბრომვიჩთან” გამარჯვებები მოჰყვა, თუმცა ცხრილის სათავეში ”ასტონ ვილა” იყო, მეტი ჩატარებული მატჩის შედეგად. ამას ”ლივერპულის” შედეგების ვარდნა მოჰყვა და არასტაბილური თამაშის შედეგად, თებერვლის შუა პერიოდში გუნდი მერვე პოზიციაზე აღმოჩნდა, ლიდერისგან 9 ქულის დაშორებით. გამარჯვებების გზაზე გუნდი თებერვლის ბოლო რიცხვების შემდეგ დადგა. ახალი ლიდერი ”სანდერლენდი” იყო, რომელმაც აპრილის ბოლოს საკუთარი კალენდარი დაასრულა და ცხრილის სათავეში ”ლივერპულს” ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებდა. ყველაფერი მერსისაიდელების ბოლო მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, ”ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ 29 აპრილს. ”ბრომვიჩი” უკვე გავარდნილი იყო და ელოდნენ, რომ ”ლივერპული” ადვილად გაიმარჯვებდა, თუმცა ეს სიმართლისგან შორს აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს ”ლივერპული” მხოლოდ 1 გოლის სხვაობით იგებდა, რომელიც უოკერმა შეაგდო. მეორე ნახევარში ”ვესტ ბრომის” მოთამაშეებმა ბილ პერკინსის კარი დაბომბეს, თუმცა ”ლივერპულმა” გაუძლო და პირველი საჩემპიონო ტიტული გაიფორმა. ბომბარდირის წოდება რეიბოლდმა მიიღო 16 გოლით, რაისბეკი კი სამაგალითო კაპიტანი იყო. ”ლივერპულის ექო” გუნდის ქებით იყო სავსე და მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და სტატისტიკას გადმოსცემდა. მოთამაშეები და ხელმძღვანელობა ”ანფილდზე” ეტლებით დაბრუნდა, ჩემპიონობის აღმნიშნავი თასი კი კაბინეტში პირველად დაიდგა.
No comments:
Post a Comment